ave, imperator(caesar), morituri te salutant-ლათ.(ავე, ცეზარ(იმპერატორ), მორიტური ტე სალუტანტ) "იცოცხლე, კეისარო (იმპერატორო), სასიკვდილოდ მიმავალნი სალამს გიძღვნიან", რომაელი გლადიატორების მიმართვა იმპერატორისადმი ბრძოლის წინ.
რომი
რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.
სულას და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია — რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თან საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსის და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისარის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.
კეისარის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც მას იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.
რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთის და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.
ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კი კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრის და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმ დროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.